English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ზურაბ გარაყანიძე
საქართველოს გაზის ჰაბად გადაქცევის პერსპექტივა

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.02.ZURAB.GARAKANIDZE

ანოტაცია. საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კასპიის ნახშირწყალბადებით მდიდარი რეგიონის ათვისებამ, რაც ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახდა. გაიზარდა ინტერესი საქრთველოს მიმართ და დაიწყო ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანსპორტირების თანამედროვე ინფრასტუქტურის ფორმირება. გაზის მიღების გზების დივერისიფიკაცია და ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ევროპის ქვეყნებისათვის ძალზე აქტუალური საკითხია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა ევროპის გაზით მომარაგება. ევროპას ენერგეტიკული კრიზისის საფრთხე დაემუქრა. ამიტომაა, რომ მიწისქვეშა გაზსაცავებში საჭირო რაოდენობის მარაგების შექმნა და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედადაა აღიარებული. ამ სქემებში აშკარად იკვეთება თურქეთის ამბიცია - ის ხომ ე. წ. ევროკავშირის გაზმომარაგების მესამე და მეოთხე დერეფნების მთავარი   რგოლია.   ამიტომ   ამ   ქვეყნის   ახლანდელმა   ხელმძღვანელობამ   მიზნად დაისახა   გაზით   ვაჭრობაში   არა   მარტო   ტრანზიტული,   არამედ   ე.წ.   ჰაბის   ფუნქციის შესრულებაც,   რაც   უბრალო   სატრანზიტო   რგოლის   გარდა   გაზის   შენახვის,   მისი განაწილების, ასევე საბითუმო და „სპოტ-ვაჭრობის“ ცენტრის, და რაც მთავარია, გაზით ვაჭრობისას რეგიონალური ფასწარმომქმნელის ფუნქციის შეთავსებასაც გულისხმობს.

პრობლემის კვლევებისას გამოყენებულია BP Statistical Review of World Energy, Shell LNG Outlook, Global Voice of Gas ISSUE 01-ის და მსგავსი ყოველწლიური გამოცემების მასალები. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების მეთოდოლოგია ეფუძნება ისეთი კვლევის მეთოდებს, როგორებიცაა დაკვირვება და ფაქტების შეგროვება, მოდელირება, შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი და სინთეზი და სხვა.

არსებული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე ავტორს მოცემული აქვს შემდეგი დასკვნები: გაზის საზღვაო გადაზიდვის ტექნოლოგიების ეკონომიკური შედარების არსებული მეთოდები შემუშავებულია კონკრეტული რეგიონებისათვის და ითვალისწინებს მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ თავისებურებებს. წყაროების ანალიზით ავტორი დაასკვნის, რომ შავი ზღვის რეგიონისათვის ასეთი კვლევები არ ჩატარებულა; ბუნებრივი გაზის შავ ზღვაზე ტრანსპორტირების ტექნოლოგიების ეკონომიკური შედარების მეთოდი უნდა დაეფუძნოს ამ მიმართულებით არსებულ მოწინავე გამოცდილებას. კერძოდ, ეკონომიკური მოდელის ფორმირების პროცესში აუცილებელია ცალკეული ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შეფასების დროს და საექსპლოატაციო დანახარჯებთან ერთად კაპიტალური დანახარჯების გათვალისწინება; ბუნებრივი გაზის შავ ზღვაზე ტრანსპორტირების ტექნოლოგიების ეკონომიკური შედარების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს არსებულ საგადასახადო კანონმდებლობას და ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებს; ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგების საუკეთესო გამოცდილება გვიჩვენებს მიწიქვეშა გაზსაცავებისა და გაზის მიწოდების ტექნოლოგიების შერწყმის ეფექტურობას. ავტორს მიაჩნია, რომ მიწოდების ტექნოლოგიების ლიტერატურაში განხილულ ეკონომიკურ ანგარიშში გათვალისწინებული უნდა იქნას ასეთი ობიექტების მშენებლობასა და ექსპლოატაციაზე გაწეული ხარჯები.

ნაშრომში წარმოდგენილი დასკვნებიდან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე იმ რისკების განსაზღვრის აუცილებლობის დასაბუთება, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოზე გამავალი ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ და   რეგაზაცია/დეგაზაციის ტექნოლოგიების განვითარებას შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ევროკავშირი-აშშ-თურქეთის   დღევანდელი   დაძაბული   ურთიერთობების ფონზე,  ნაკლებად   სავარაუდო   იქნება,   რომ   უახლოეს   წლებში   ვაშინგტონმა   და ბრიუსელმა   მხარი   დაუჭირონ   თურქეთის   კასპიური   გაზის   მონოპოლიურ   ჰაბად ჩამოყალიბების იდეას და შეეცდებიან ევროპისკენ გაზის ნაკადების დივერსიფიკაციას.

როგორც სტატიაში განხილული პროცესებიდან ჩანს, თურქეთის კასპიური გაზის ჰაბად   ჩამოყალიბებას,  როგორც   ჩრდილოეთიდან,   ისე   აღმოსავლეთიდან სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ სავარაუდოდ, ევროკავშირი მეტ ძალისხმევას მიმართავს     არა   თურქეთის   ე.წ.   ჰაბის   განვითარებაზე,   არამედ   ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე, რაც საქართველოს ენერგეტიკული სტარტეგიის შემუშავებისას უნდა იქნას გათვალისწინებული.

საკვანძო სიტყვები: ენერგეტიკული უსაფრთხოება, გაზის ჰაბი, მიწისქვეშა გაზსაცავები, ევროკავშირის პროექტები, კასპიისპირეთის საბადოები, დეგაზაცია, რეგაზაცია, შავი ზღვის რეგიონი. 

შესავალი

ევროკავშირს ბუნებრივი აირით ოთხი მოქმედი „დერეფანი“ ამარაგებს: პირველია ე.წ. „ჩრდილოეთის ზღვის“ მარშრუტი (ჰოლანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი); მეორე - ჩრდილოეთ აფრიკის “დერეფანი” ტუნისისა და ალჟირის სამი წყალქვეშა გაზსადენით; მესამეა - რუსეთიდან ბელარუსის, ბალკანეთის, 2023 წლამდე - უკრაინის და თურქეთის გაზსადენები და მეოთხე - სამხრეთ კავკასიის, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შემავალი გაზსადენები. ამ სქემებში აშკარად იკვეთება თურქეთის ამბიცია - ის ხომ მესამე და მეოთხე დერეფნების მთავარი რგოლია. ამიტომ ამ ქვეყნის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა გაზით ვაჭრობაში არა მარტო ტრანზიტული, არამედ ე.წ. ჰაბის ფუნქციის შესრულებაც, რაც უბრალო სატრანზიტო რგოლის გარდა გაზის შენახვის, მისი განაწილების, ასევე საბითუმო და „სპოტ-ვაჭრობის“ ცენტრის, და რაც მთავარია, გაზით ვაჭრობისას რეგიონალური ფასწარმომქმნელის ფუნქციის შეთავსებასაც გულისხმობს. ცენტრალურ ევროპაში ამ ფუნქციას ავსტრიის დედაქალაქ ვენასთან არსებული ჰაბი - „ბაუმგარტენი“ ასრულებს. თურქეთი დიდი ხანია ოცნებობს, რომ ის სამხრეთ ევროპისთვის არა მხოლოდ გაზის სატრანზიტო მარშრუტი, არამედ ე.წ. ჰაბიც გახდეს. 

თურქეთის ამბიციების საფუძველი

თურქეთი  ბუნებრივ აირს ძირითადად მილსადენებით იღებს. ქვეყანაში გაზი შედის ირანიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ამასთან, თურქეთი გარკვეულწილად თხევად ბუნებრივ აირზეცაა (LNG) დამოკიდებული, რომელიც იმპორტირებულია ყატარიდან, აშშ-დან და გამოიყენება შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თურქეთში 2019 წელს იმპორტირებული გაზის საბაჟო გადასახადმა შეადგინა 41 მილიარდი დოლარი, დაახლოებით 45 მილიარდ კუბ. მეტრზე (bcm), ანუ 1,6 ტრილიონ კუბ. ფუტზე (tcf) [1]. ქვეყანა სტრატეგიულად არის პოზიციონირებული, როგორც სატრანზიტო კვანძი რეგიონთაშორისი მილსადენებით, რომლებიც ატარებენ ნახშირწყალბადებს კასპიის რეგიონიდან ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანამდე (ნავთობი) და მცირე რაოდენობის გაზს, დარდანელის გავლით, ევროპის ქსელში. გარდა ამისა, რუსული გაზი შავი ზღვის გავლით შედის თურქეთში 2020 წლის იანვრიდან „თურქული ნაკადის“ მილსადენით, რომელიც ამარაგებს სამხრეთ ევროპის ბაზრებს. 1997 წელს რუსეთმა და თურქეთმა ასევე დაიწყეს „ცისფერი ნაკადის“ მილსადენის მშენებლობა, რომელიც 2003 წლის დასაწყისში დასრულდა და რუსული გაზით უზრუნველყო აღმოსავლეთ თურქეთის ბაზარი.

ამასთან, თურქეთს აქვს თხევადი გაზის (LNG) მიმღები 3 მოქმედი ტერმინალი - ერთი მარმარა ერეგლისში და ორი - ალიაგაში. ალიაგა მდებარეობს იზმირში, ანატოლიის დასავლეთში, ხოლო მარმარა ერეგლისი, - სტამბოლის დასავლეთით.

საინტერესოა, რომ თურქეთი უკვე ერთ წელიწადში 40 მილიარდ კუბ. მეტრ საკუთარ გაზსაც აწარმოებს და მალე ქვეყანაგაზის ტრანზიტორთან ერთად, გაზის ექსპორტიორიც გახდება. თურქეთს სურს პოზიციონირება მოახდინოს რაგიონში, როგორც ბუნებრივი გაზის ძირითადმა ექსპორტიორმა შავი ზღვის  „საკარიას“ ოფშორული გაზის საბადოს საშუალებით. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TRT TV-სთან ინტერვიუში 2023 წლის 19 მარტს განაცხადა [2]. ფაქტიურად, ამ ამბიციური გეგმების განხორციელებით, თურქეთი უკვე სერიოზულ განაცხადს გააკეთებს შავი ზღვის რეგიონულ გაზის ჰაბად გადაქცევაზე. „ახლა გვაქვს ჩვენი საკუთარი გაზი. ჩვენ მოვიხმართ დაახლოებით 55-60 მლრდ კუბ.მ. გაზს წლიურად. შეიძლება ჩვენ მალე გვქონდეს 100 მლრდ კუბ.მ აირი და, თუ ეს ყველაფერი სწორად დავგეგმეთ, გვექნება 40 მილიარდი კუბ.მ. გაზი საექსპორტოდ“, - განაცხადა მინისტრმა [2].

თურქეთი ტრადიციულად გაზის ტრანზიტორია, რომელიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან აწვდის აირს. მაგრამ ფ. დონმეზმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ტრანზიტული მარშრუტი. „ეს იქნება ქვეყანა, სადაც იქნება გაზის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი და ერთი წლის განმავლობაში იგეგმება მისი შექმნა“, - განაცხადა მან [2].

„საკარია“აღმოაჩინა თურქეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია TPAO-მ 2020 წლის აგვისტოში. თავდაპირველად 320 მილიარდი კუბ. მეტრი დაზვერილი აირის მარაგების მქონე საბადო, უკვე ორი თვის შემდეგ 405 მლრდ. კუბ. მ-მდე დამტკიცებულ საბადოდ დაფიქსირდა. 2021 წლის ივნისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ აღმოაჩინა კიდევ 135 მლრდ. კუბ. მ მარაგის „ასმარა-1“ საბადო, რომელიც „საკარიასთან“ ერთად  540 მლრდ. კუბ. მეტრ გაზს შეადგენს.

ამავდროულად, რუსეთი მიმართავს თურქეთს, როგორც დამატებითი გაზის მიწოდების პოტენციურ წყაროს ევროპაში, ვინაიდან არ არსებობს „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებას გადარჩენილი ერთადერთი მილის აღდგენის საშუალება. მოსკოვმა შესთავაზა ანკარას „თურქული ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 62 მილიარდ კუბ. მეტრამდე. თუმცა გასარკვევია, რამდენად თანახმა იქნებიან გაზის ევროპელი მყიდველები გააგრძელონ რუსული გაზის მოხმარება უახლოეს წლებში.

იმავდროულად, თურქეთი აპირებს გაზარდოს თავისი სატრანზიტო როლი აზერბაიჯანული გაზის ევროკავშირში მიწოდებაში - გააორმაგოს გადაზიდვები აზერბაიჯანიდან წელიწადში 20 მლრდ კუბ. მ-მდე 2027 წლისთვის. მაგრამ ევროპაში არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად შესძლებს აზერბაიჯანი აღნიშნული დამატებითი გაზის მიწოდებას აზერბაიჯანულ საბადოებიდან და ხომ არ იქნება ეს გაზი რუსეთიდან მიღებული შემდგომში ევროპაში გადამისამართებული. ამ ეჭვებს ამყარებს 2022 წლის ნოემბერში აზერბაიჯანში რუსული გაზის იმპორტის დაწყება. 

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება „ტრანსადრიატიკული გაზსადენით“ - TAP-ით ევროპაში უკვე 18 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება.

2020 წლის 31 დეკემბრიდან 2023 წლის დასაწყისამდე “ტრანსადრიატიკული გაზსადენით” (TAP), თურქეთზე გამავალი „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ (TANAP) გავლით, ევროპაში ექსპორტირებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობამ 18 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა, - ნათქვამია მილსადენ კომპანია TAP AG-ის ანგარიშში. …TAP-ის სიმძლავრე შეიძლება გაორმაგდეს ეტაპობრივად, რათა შემდგომი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - დასძენს TAP AG [3].

ტრანზიტის ეს ზრდა საქართველოსთვისაც მომგებიანია, ვინაიდან 2026 წლამდე, ე. წ. „საუკუნის კონტრაქტით“, საქართველო „სამხრეთკავკასიურ გაზსადენში“ (რომელიც ქ. ერზერუმში TANAP-ს უკავშირდება) გატარებული გაზის 5%-ს უფასოდ, ხოლო 5%-ს - შეღავათიანად, ტრანზიტის საფასურად იღებს.

2021 წლიდან აზერბაიჯანმა TAP-ის გაზსადენით პირველად დაიწყო „სამხრეთის გაზის დერეფნით“ ბუნებრივი აირის სამხრეთ ევროპაში მიწოდება - იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში. მიწოდების მოცულობამ 2021 წელს 8.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წელს ექსპორტის მოცულობა პროგნოზირებული იყო 22-23 მლრდ კუბური მეტრი, მათ შორის 11,5 მლრდ კუბური მეტრი ევროპაში, დანარჩენი - თურქეთში. პროგნოზი თითქმისშესრულდა და ევროპაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, 18 მლრდ კუბმეტრი კასპიური გაზის ექსპორტი განხორციელდა. საინტერესოა, როგორ ახერხებს აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტის ასეთ მკვეთრ ზრდას, როდესაც პერსპექტიული გაზის საბადოები - აბშერონი, ბაბეკი, უმიდი, ყარაბაღი, ჯერ კიდევ ათვისების საწყის სტადიაზეა, ხოლო „დერეფნის“ მთავარი წყაროები - „შაჰ-დენიზი 1“ და „შაჰ-დენიზი 2“ სრული დატვირთვით მუშაობენ? 

აზერბაიჯანში რუსული გაზის მიწოდების აღდგენა

2022 წლის 18 ნოემბერს რუსულმა „გაზპრომმა“  გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს აწვდის 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტამდე, ამ რუსული მონოპოლიის, სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-თან გაფორმებული ახალი კონტრაქტით [4].

როგორც ცნობილია, სწორედ „გაზპრომი“ იყო აზერბაიჯანისთვის გაზის მიმწოდებელი 2000-2006 წლებში, მაგრამ შემდეგ ქვეყანამ სწრაფად გააფართოვა საკუთარი გაზის წარმოება BP-ის მიერ ოპერირებად „შაჰ-დენიზის“ საბადოზე, რაც მას საშუალებას აძლევდა დაეფარა არა მხოლოდ საკუთარი გაზის საჭიროებები, არამედ საქართველოსა და თურქეთში განეხორციელებინა ექსპორტი. როდესაც მისი გაზის დიდი ნაწილი უკვე უცხოელმა კომპანიებმა შეისყიდეს, აზერბაიჯანი კვლავ დაუბრუნდა რუსეთიდან გაზის მიღებას 2017-2018 წლებში, მაგრამ შესყიდვები კვლავ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც „შაჰ-დენიზის“ განვითარების მეორე ეტაპის გაზი 2019 წელს თურქეთში გაიგზავნა.

აზერბაიჯანი დიდი ხანია პრიორიტეტს ანიჭებს თავისი გაზის საზღვარგარეთ გაყიდვას, ვიდრე შიდა საჭიროებებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საექსპორტო შემოსავლები. „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმება გაფორმდა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი ემზადება ზამთრის შუა პერიოდში პიკისთვის. თუმცა, რუსული გაზის იმპორტის განახლება ახლა დამატებით კითხვებს აჩენს, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა ახლახანს აიღო ვალდებულება მეტი გაზის გადატუმბვაზე ევროპაში.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის გაკეთებულ განცხადებაში, SOCAR-მა აღნიშნა, რომ მას აქვს „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია და რომ ორი კომპანია „...ცდილობენ თავიანთი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, გაზის ნაკადების ურთიერთგაცვლის ორგანიზებით“ [4].

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გავლით ხორციელდება, რათა ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მივიდეს ევროპელ მომხმარებლებთან. ბაქოსა და ბრიუსელს შორის 2022 წლის ივლისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ პირობა დადო, რომ 2022 წელს ექსპორტს 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის [4].

როგორც ბრიუსელმა, ასევე ბაქომ მოიწონა ეს ახალი შეთანხმება, როგორც ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული ურთიერთობების გაფართოება. ევროკომისიამ შეთანხმებას უწოდა გამარჯვება ევროკავშირის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობებში. მაგრამ არასოდეს არ დაკონკრეტებულა, თუ რა იქნება დამატებითი მიწოდების წყარო. ფაქტიურად ბაქომ ევროპაში 18 მლრდ კუბმეტრი აირის მიწოდება შესძლო!

Eurasianet-ის ცნობით, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით (რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანული გაზის ექსპორტზე), დამატებითი საექსპორტო გარიგებები საბადოდან გაზის გაყიდვის შესახებ, უკვე შეთანხმებული წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი აირის ზევით, არ არის შეთანხმებული საოპერაციო კონსორციუმთან [5]. ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვას: ჩუმად ხომ არ იყიდება რუსული გაზი ევროკავშირ-აზერბაიჯანის 2022 წლის ივლისის მემორანდუმის შესასრულებლად?

ერთის მხრივ, აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლება შეიძლება უბრალოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ ბაქო საკმაოდ შეშფოთებულია თავისი შიდა მოთხოვნილების გაზრდით. და მართლაც, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის შეთანხმება მხოლოდ მემორანდუმია და, შესაბამისად, არასავალდებულო. მაგრამ დრო ბადებს ეჭვს და ვარაუდს, რომ რაც უფრო გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით მეტად შეეძლება აზერბაიჯანს გამოიყენოს იაფი რუსული გაზი თავისი შიდა მოთხოვნილების დასაფარად, რათა მეტი კასპიური გაზი გამოათავისუფლოს ევროპაში ექსპორტის გასაზრდელად.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია შეისყიდოს იმდენი რუსული გაზი, რამდენიც უნდა. მაგრამ გამოდის, რომ ის იყენებს რუსულ გაზს ევროპაში კასპიური აირის მეტი მოცულობების გასაგზავნად (ფაქტიურად ეს გარიგება „სვოპ“ მიწოდებაა). ამდენად, გაზის რუსეთიდან იმპორტი გარკვეულწილად ძირს უთხრის ბაქო-ბრიუსელის შეთანხმების სულისკვეთებას. ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად უჭირს ევროპას რუსული გაზის ალტერნატივის უზრუნველყოფა უახლოეს პერსპექტივაში, და რამდენად შეეცდება მოსკოვი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გაზსადენების თავისი მიზნებისათვის გამოყენებას. 

შორსმიმავალი გეგმები

2022 წლის ივლისის მემორანდუმის თანახმად, ევროკავშირი 2027 წლისთვის აპირებს გაზარდოს აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა წლიურად 20 მლრდ კუბურ მეტრამდე. გრძელვადიან პერსპექტივაში, აზერბაიჯანს შეიძლება რუსული გაზის შესყიდვის გარეშეც ჰქონდეს პოტენციალი ამ მიზნის განსახორციელებლად. ქვეყანას აქვს არაერთი აუთვისებელი საბადო, რომლებიც შეიძლება ამ დროისთვის ამუშავდეს.

კერძოდ, კასპიის აუთვისებელ საბადოებს შორის დადასტურებულია „აბშერონის“, „უმიდის“ და „ყარაბაღის“ ოფშორები. ასევე, „შაჰ-დენიზის“ მე-3 ეტაპი, რომელიც მოიცავს გაზის ისეთ რეზერვებს, რომლებიც ათვისების წინა სტადიაზეა. დაზვერილია, თუმცა არ არის დადასტურებული გაზის უფრო ღრმა ფენები „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის“ (ACG) ნავთობის პროექტში. ჯერ არ დადასტურებულა „ბაბეკის“ გაზის საბადოს პერსპექტივაც.

საბადო „ყარაბაღს“, რომელსაც ამუშავებს აზერბაიჯანის SOCAR და ნორვეგიის Equinor, რისკის მომსახურების შეთანხმებით, შეუძლია მიაღწიოს წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრ აირს. თუმცა, ეს ოფშორული საბადო დასამუშავებლად მზად იქნება მხოლოდ 2025-26 წლებში.

„აბშერონს“, რომელიც შექმნილია SOCAR-ისა და საფრანგეთის TotalEnergies-ის ერთობლივი საწარმოს მიერ, წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ამოღება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ 2027 წლის შემდეგ. ასევე, არსებული „უმიდის“ საბადო ამჟამად წლიურად აწარმოებს 1,7 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და მისი წარმადობა შეიძლება გაიზარდოს 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე. იმავდროულად, „ბაბეკს“, რომელიც „უმიდის“ მიმდებარე ტერიტორიაა, აზერბაიჯანის მთავრობის შეფასებით წლიურად 3-4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვება შეუძლია, მაგრამ მის ათვისებას ასევე რამდენიმე წელი სჭირდება.

„შაჰ-დენიზი 3“-ის (Shah Deniz Stage 3) და „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის“ (ACG Deep Gas) ახალი საბადოების ბურღვა უნდა დაიწყოს 2023 წელს და მათი ათვისების შედეგები ხელს შეუწყობს რესურსების მოცულობის და წარმოების პოტენციალის განსაზღვრას. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, აზერბაიჯანს რეალურად აქვს პოტენციალი, მიაწოდოს ევროპას მისთვის სასურველი რაოდენობის გაზი. თუმცა, ყველა ზემოაღნიშნულ პროექტში, მათი შემდგომი განვითარებისთვის საჭირო იქნება უცხოური ინვესტიციები, ტექნოლოგია და ნოუ-ჰაუ. ეს განსაკუთრებით ეხება „უმიდსა“ და „ბაბეკს“, რომლებიც გეოლოგიურად რთული ველებია, და რომელთა ათვისებაშიც ამჟამად არ მონაწილეობს არც ერთი დასავლური კომპანია-ინვესტორი.

აზერბაიჯანისთვის სწორედ დასავლური ინვესტიციების მოზიდვა შეიძლება იქცეს მთავარ პრობლემად, რადგან ბევრმა დასავლურმა კომპანიამ გამოაცხადა სამომავლო გეგმები, რომ შეამციროს კაპიტალური ხარჯები ნავთობსა და გაზზე მომავალი წლების განმავლობაში, განახლებადი ენერგიის და სხვა დაბალ ნახშირბადიანი ტექნოლოგიების სასარგებლოდ. ეს ეხება BP-ს, აზერბაიჯანის ნავთობის სექტორში ყველაზე დიდ ინვესტორს, რომლის დღევანდელი სტრატეგია მოითხოვს ნავთობისა და გაზის მოპოვების 40%-ით შემცირებას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

ბევრმა დასავლურმა ფინანსურმა ჯგუფმაც, BP-ს მსგავსად, აიღო ვალდებულებები, რომ ეტაპობრივად გააუქმონ წიაღისეული საწვავის ინვესტიციები. მათ შორისაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელმაც თავის დროზე გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) საუკუნის პროექტში, რომელიც უკვე აკავშირებს აზერბაიჯანულ გაზს ევროპულ ბაზართან.

მეორეს მხრივ, SGC-მ მიაღწია წარმატებას იმ დროს, როდესაც ევროპაში გაზის ფასი ზოგადად დაბალი იყო. აზერბაიჯანული გაზის მიმღები ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური მხარდაჭერის წყალობით, შეთანხმებული იქნა გრძელვადიანი კონტრაქტები, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის გაზის ფასები ყოველთვის კონკურენციას ვერ უწევდა რუსულ, ან თხევადი გაზის (LNG) ევროპის ტერმინალებზე არსებულ ფასებს.

ახლა სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. ადგილზე, ევროპაში ფასები უკიდურესად მაღალია, ხოლო რუსული გაზის მიწოდება ახლა არასანდოა, და უახლოეს წლებში, ევროკავშირის გეგმების მიხედვით, ალბათ სულ შეიზღუდება. ეს აძლევს დამატებით შანსს აზერბაიჯანულ გაზს, რომელიც ფასდება გრძელვადიანი კონტრაქტებით და ის, შესაბამისად, იძენს კონკურენტულ უპირატესობას. მაშინაც კი, თუ ბრიუსელის მხრიდან ნაკლები პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება წიაღისეული საწვავის ახალი პროექტებისთვის, შესაძლოა, ევროპის ბაზრის კონიუნქტურამ, განაპირობოს იქ კასპიური გაზის მიწოდების ზრდა. 

რუსეთი განიხილავს გეგმას, რომ თურქეთი გაზის მიწოდების მთავარ ცენტრად აქციოს. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გააქტიურების პარალელურად, რუსეთი ცდილობს გააფართოვოს 2020 წლის იანვარში გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენი იმ სიმძლავრემდე, რაც თავდაპირველად, პროექტირებისას იყო გათვალისწინებული. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთს შექმნას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების კერა - ჰაბი, „ჩრდილოეთის ნაკადი (Nord Stream) 1 და 2“ მილსადენების განადგურების საპასუხოდ. წინადადება, როგორც მოსალოდნელი იყო, ანკარამ თბილად მიიღო, მაგრამ ასეთი პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რთული იქნება. საკრედიტო რესურსებზე თურქეთს შესაძლოა დასავლეთის მხრიდან წინააღმდეგობა შეექმნას, ამიტომ რუსეთმა დაფინანსების უმეტესი ნაწილი თავის თავზე უნდა აიღოს. ეს პროექტი ასევე გულისხმობს, რომ ევროპის ნაწილი გააგრძელებს რუსული გაზის შესყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ამბიციაა შეწყვიტოს იმპორტი და გაზარდოს წვდომა თხევად გაზზე (LNG) და მიწოდების სხვა ალტერნატიულ წყაროებზე.

პრეზიდენტმა ვ. პუტინმა ეს წინადადება თავის თურქ კოლეგა რეჯეპ-ტაიპ ერდოღანთან განიხილა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რეგიონული ლიდერების სამიტის ფარგლებში: „თუკი თურქეთი და ჩვენი შესაძლო მყიდველები სხვა ქვეყნებში დაინტერესებულნი არიან, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სხვა გაზსადენის სისტემის მშენებლობა და თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა მესამე ქვეყნებში აირის გასაყიდად, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში, თუ ისინი ასე არიან დაინტერესებული ამით, რა თქმა უნდა“, - განაცხადა პუტინმა [6].

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთმაც და რუსეთმაც დაავალეს თავიანთ ენერგეტიკულ უწყებებს დაუყოვნებლივ დაეწყოთ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორის ალექსეი მილერის თქმით, პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს ახალი მილსადენების მშენებლობას არსებული თურქული ნაკადის მილსადენის პარალელურად. „ბატონ პუტინთან ერთად, ჩვენ დავავალეთ ჩვენს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და რუსეთის მხარის შესაბამის ინსტიტუტს, ერთად იმუშაონ“, - განაცხადა ერდოღანმა. „...ისინი ჩაატარებენ კვლევას. სადაც უნდა იყოს ყველაზე შესაფერისი ადგილი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქ დავაარსებთ ამ სადისტრიბუციო ცენტრს [6].”

რუსეთს ევროპაში გაზის გაგზავნის ოთხი მარშრუტი აქვს. პირველი არის უკრაინული გაზის სისტემა, სადაც გაზი გრძელდება ომის მიუხედავად. მას ომამდე ჰქონდა 100 მილიარდი კუბ. მეტრი გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დახურა თავისი ორი სასაზღვრო პუნქტიდან ერთ-ერთი, რუსეთის მარიონეტების მიერ მიწოდების მოპარვის მტკიცებით. უკრაინა და რუსეთი ასევე კამათობენ გაზის ტრანზიტის გადასახადებთან დაკავშირებით, რაც ზრდის მიწოდების საერთოდ შეწყვეტის რისკს.

იმავდროულად, „იამალ-ევროპა“ წელიწადში 33 მილიარდი კუბ. მეტრი წარმადობის მილსადენი, რომელიც ბელორუსიისა და პოლონეთის გავლით გერმანიამდე მიდიოდა, ომის დაწყების შემდეგ უმოქმედოდაა, რუსეთისა და პოლონეთის მიერ ერთმანეთზე დაწესებული სანქციებისა და კონტრსანქციების გამო.

შედარებით ახალი მარშრუტია ბალტიის ფსკერზე გაყვანილი Nord Stream 1 და 2 მილსადენები, რომელთა სიმძლავრეა წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი. „გაზპრომმა“ აღიარა, რომ Nord Stream-ის დანადგარების და მილების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უნდა შეიცვალოს, სექტემბერში იქ მომხდარი აფეთქების გამო. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა 2022 წლის 12 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რემონტის დასრულებას წელიწადზე მეტი დასჭირდებოდა. Nord Stream 2-ის ორი მილიდან ერთ-ერთი დაუზიანებელია და რუსეთი ვარაუდობს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას გაზის მიწოდებისთვის, თუ საჭირო სერტიფიცირების პროცესი დასრულდება გერმანიაში. გერმანია შეიძლება დათანხმდეს ამას, იმის მიხედვით, თუ რა სტრესს განიცდის მისი ენერგეტიკული სისტემა ამ ზამთარში. რამდენიმე გამოჩენილმა გერმანელმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ბერლინს ამის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მთავრობას, ეს ვარიანტი განსახილველად არ დაუყენებია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდვ ერთი ახალი მარშრუტია წელიწადში მხოლოდ 31,5 მლრდ მკუბმეტრი წარმადობის „თურქული ნაკადი“ (Turk¬Stream), რომელიც გადის შავი ზღვის ფსკერზე და ამოდის დასავლეთ თურქეთში. მისი ორი მილიდან ერთი გამოიყენება თურქეთის ბაზარზე გაზის მიწოდებისთვის, რის გამოც ევროპისთვის წელიწადში მხოლოდ 15,75 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რჩება ხელმისაწვდომი.

ამდენად, თურქეთი უკვე ნაწილორივ ასრულებს ევროპისკენ გაზის მიწოდების ჰაბის ფუნქციას. „თურქული ნაკადის“ გარდა, ის ასევე ატარებს ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) მილსადენების ნაწილს, რომლებიც გაზს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აზერბაიჯანიდან აწვდის. მას ასევე აქვს LNG იმპორტის (რეგაზაციის) რამდენიმე ტერმინალი.

თვითონ თურქეთს არ აქვს დამატებითი რუსული გაზის საჭიროება. ქვეყანა ელოდება 2023 წლის დასაწყისში შავ ზღვაში საკუთარი ოფშორული „საკარიას“ გაზის საბადოს გაშვებას, რომელიც აწარმოებს წელიწადში 3,7 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს განვითარების პირველი ეტაპის ფარგლებში, ხოლო 2026 წლისთვის წელიწადში მიაღწევს დაახლოებით 15 მილიარდ კუბურ მეტრს. თურქეთმა მხოლოდ იმ მიზნით შეიძლება აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, რომ მის ნაცვლად, „გაზპრომისგან“ შეძენილი გაზის ნაწილი ევროპაში თვითონ გაიტანოს, როგოც გაზის ჰაბმა.

რამდენი დამატებითი გაზის მიღებაში იქნება ევროპა დაინტერესებული რუსეთისგან, ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და აქვს უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირები მოსკოვთან, სავარაუდოდ, დააყენებს რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის 2027 წელზე უფრო შორეულ ვადას, ან დააყენებს გაზის იმპორტის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების საკითხს. ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნები, როგორიცაა სერბეთი, გააგრძელებენ გაზის მიღებას რუსეთიდან და გაფართოებული სატრანზიტო შესაძლებლობები თურქეთის გავლით „გაზპრომს“ საშუალებას მისცემს შეწყვიტოს უკრაინაზე ტრანზიტი. ევროპაში შესაძლოა ასევე გაჩნდეს რუსული გაზის ახალი ბაზრები, როგორიცაა ალბანეთი, რომელიც ამჟამად თითქმის არ მოიხმარს გაზს, მაგრამ სურს გააფართოოს გაზის მოხმარება, რათა შეამციროს დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურებზე. 

დასკვნა

ამრიგად, ევროკავშირი-აშშ-თურქეთის დღევანდელი დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ნაკლებად სავარაუდო იქნება, რომ უახლოეს წლებში ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მხარი დაუჭირონ თურქეთის კასპიური გაზის მონოპოლიურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეას და შეეცდებიან ევროპისკენ გაზის ნაკადების დივერსიფიკაციას.

როგორც ზემოაღნიშნული გეოეკონომიკური პროცესებიდან ჩანს, თურქეთის კასპიური გაზის ჰაბად ჩამოყალიბებას, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ სავარაუდოდ, ევროკავშირი მეტ ძალისხმევას მიმართავს  არა თურქეთის ე.წ. ჰაბის განვითარებაზე, არამედ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე. 

ლიტერატურა 

  1. Turkey: A new emerging gas player with resources and infrastructure. https://www.mei.edu/publications/turkey-new-emerging-gas-player-resources-and-infrastructure
  2. Turkish minister says Black Sea gas supplies to start by late April. REGION 19 March 2023 - 12:00; https://caliber.az/en/post/153593/
  3. Azerbaijan has already sold over 18 bcm of gas to European markets, 21/11/2022. http://caspianbarrel.org/en/2022/11/azerbaijan-has-already-sold-over-18-bcm-of-gas-to-european-markets/
  4. Relaunch of Russian gas supplies to Azerbaijan raises questions about Baku-Brussels deal. 22/11/22, https://www.intellinews.com/relaunch-of-russian-gas-supplies-to-azerbaijan-raises-questions-about-baku-brussels-deal-263151/
  5. Relaunch of Russian gas supplies to Azerbaijan raises questions about Baku-Brussels deal. 22/11/22, https://www.intellinews.com/relaunch-of-russian-gas-supplies-to-azerbaijan-raises-questions-about-baku-brussels-deal-263151/
  6.  Russia moots plan for making Turkey a major hub for its gas supplies. https://intellinews.com/russia-moots-plan-for-making-turkey-a-major-hub-for-its-gas-supplies-259426/